კონგრესი, რომელმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნო
ვაზის ახალი ჯიშების გამოყვანა, ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, ვაზის ჯიშებისთვის, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის შერჩევა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხების, რაც 1962 წლის მსოფლიო კონგრესზე, საქართველოში განუხილავთ.
საფრანგეთში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) არქივში დაცული სამუშაო ანგარიშები, ორგანიზაციამ „ვაინ კახეთს“, ცოტა ხნის წინ, გამოუგზავნა.
1962 წელს, მევენახეთა და მეღვინეთა, რიგით მეათე, მსოფლიო კონგრესი, საქართველოში, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა. კონგრესს საერთაშორისო დონის მევენახეები და მეღვინეები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო OIV-ის პრეზიდენტი ბარონი პიერ ლე როი.
როგორც კონგრესის შემაჯამებელ ანგარიშში წერია, ბარონი ლე როი გამოვიდა სიტყვით, რომლის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა მასპინძელი ქვეყნის ისტორიას. „გამოსვლას ის ასრულებს რწმენით, რომ მევენახეებს, ყველა ქვეყანაში, აქვთ ერთნაირი გრძნობები, აზროვნება და საზრუნავი, - „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს კონგრესი, რათა გავაერთიანოთ, არამხოლოდ კვლევები, გამოცდილება და აღმოჩენები, არამედ ადამიანის თანდაყოლილი გრძნობები - ნდობის და ურთიერთგაგების“.
კონგრესის დელეგატებმა დაათვალიერეს თელავის საკოლექციო ნაკვეთები, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, დააგემოვნეს უძველესი ჯიშებისგან დაყენებული ღვინო.
კონგრესმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზება მთელ მსოფლიოში დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ, ქართული ჯიშების ევროპაში გატანას სისტემატური და აქტიური სახე მიეცა.
ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ნოდარ ჩხარტიშვილი იხსენებს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ხელშეწყობით, დაიწყო ევროპელ მევენახეებთან აქტიური კომუნიკაცია: ქართული ვაზის ჯიშების ევროპაში გატანა და მათთვის გაცნობა.
„ამ გზით, თითქმის მთელ ევროპასთან დამყარდა კავშირი. ეს შეძლო კვლევითმა ინსტიტუტმა. ქართული ვაზის ჯიშები მოხსენიებული არის ფრანგულ ამპელოგრაფიებშიც, მათ შორის, მოხსენიებულია საფერავი და სხვა. ასე, ურთიერთთანამშრომლობის ბაზაზე, და არა სტიქიურად, ხდებოდა ქართული ვაზის ჯიშების გატანა ქვეყნის გარეთ“, - ამბობს ნოდარ ჩხარტიშვილი.
OIV-ის არქივში დაცულ ჩანაწერებში ასევე წერია, რომ კონგრესი დელეგატების სიმრავლით გამოირჩეოდა.
„დელეგატები განსაკუთრებით კმაყოფილი არიან კონტაქტებით, რაც დამყარდა, ამ ქვეყნის მეცნიერებთან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს კონტაქტები გაძლიერდება და მეგობრული თანამშრომლობის შედეგად, მევენახეობის დარგი უფრო განვითარდება. ეს მეგობრობა, როგორც ჩანს, ერთერთი საუკეთესო შედეგია ამ დიდი კონგრესისა (...) ეს ხალხმრავლობა არის მანუგეშებელი, მევენახეობის დარგის მიმართულებით კვლევების გაფართოებისა. მევენახეობას, როგორც ჩანს, აქვს, ხალხის გაერთიანების ძალა“.