ქართული ღვინის მოგზაურობის დასაწყისი ევროპაში

მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის არქივში საინტერესო ცნობებია შემონახული იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით დაიწყო მოგზაურობა ქართულმა ღვინომ.

ამ ცნობების მიხედვით, ევროპა ქართულ ღვინოებს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაეცნო.  1900 წელს, პარიზის გამოფენაზე, ქართულ მეღვინეობას დიდი ადგილი ჰქონია დათმობილი. როგორც იმდროინდელ გაზეთებში წერდნენ, გამოფენაზე გამოუტანიათ „კახეთის საუფლისწულო ვენახების“ ღვინის სარდაფების ფოტოები, ხელსაწყოები, ყურძნის მტევნების საკმაოდ დიდი კოლექცია - რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, თითა და სხვა. ასევე, ღვინის ნიმუშები ბოთლებით, ტიკები.

ქართული ღვინის მწარმოებლებმა ევროპისგან ბევრი  საორგანიზაციო რამ ისწავლეს და გადმოიღეს. შეიქმნა და დაფუძნდა მეღვინეთა ამხანაგობები, ბაზარზე გამოჩნდა ფერად-ფერადი ეტიკეტებით გაფორმებული ღვინის ბოთლები. პირველი ღვინის საწარმო იოსებ ბაბუნიძემ 1885 წელს, თელავში დააარსა და ფილიალები გახსნა სანქტ-პეტერბურგში, კიევსა და მოსკოვში. 90-იან წლებში, ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა, მიიღო მრავალი ჯილდო, სიგელი, მათ შორის გრან-პრიც.

საქართველოდან ექსპორტზე უფრო მეტად წითელი ღვინო გადის, დაახლოებით 70 პროცენტი, სადაც დიდი წილი ნახევრად ტკბილ ღვინოებზე მოდის, თუმცა იზრდება მოთხოვნა ექსკლუზიურ ღვინოებზეც. ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინო, სულ უფრო პოპულარული ხდება ამერიკასა და ევროპაში.


შეიძლება დაინტერესდეთ